ტრენინგები ქართული ენის წამყვანი მასწავლებლებისათვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

2021 წლის 3-8 სექტემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მოქმედი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის (I ჯგუფი: 12:00-14:00 სთ; II ჯგუფი: 15:00-17:00 სთ.). ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

ტრენინგ-მოდულს: ქართული ლიტერატურის სწავლების აქტუალური საკითხები (ქართული ლიტერატურა  მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: თინათინ გიორგაძე.

აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია: ლიტერატურული პროცესების ანალიზი, ქართული ლიტერატურის სხვადასხვა ეპოქის ნიმუშების გააზრება მსოფლიო ლიტერატურული პროცესების ჭრილში.

ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

• ბიბლიური ალუზიების  ახსნას დავით გურამიშვილის „დავითიანში“, მის ანალიზს შუასაკუნეობრივი ესთეტიკის ჭრილში; მოსწავლეებისათვის ამ საკითხების მიწოდების გზებზე მსჯელობას;

• რომანტიზმის ნიშნების იდენტიფიცირებას ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში; მსოფლიო რომანტიზმის წარმომადგენლების ნაწარმოებებთან  ლიტერატურულ პარალელებზე მსჯელობას; ამ საკითხების მოსწავლეებისათვის მიწოდების გზებზე მსჯელობას;

• მეოცე საუკუნის დასაწყისის ლიტერატურული პროცესების დახასიათებას; ცისფერყანწელთა შემოქმედების, გალაკტიონის პოეზიისა ნიმუშების ანალიზს მსოფლიო ლიტერატურული ტენდენციების ჭრილში; ამ საკითხების მოსწავლეებისათვის მიწოდების გზებზე მსჯელობას;

• ტრენინგზე დამუშავებულ საკითხებზე კომპლექსური დავალებების იდეების გენერირებას.

იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 80%-ს.

• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.

აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად განხორციელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის წამყვანი მასწავლებლისათვის.