სამუშაო შეხვედრა აჭარის სახელმწიფო მუზეუმში

2017 წლის 10 მარტს აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მუზეუმის დირექტორი - ოთარ გოგოლიშვილი, მუზეუმის თანამშრომლები, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, მასწავლებლის სახლის ქართული ენისა და დაწყებითი განათლების მიმართულების კოორდინატორი - ხატია ბერიძე, მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა, ქართული ენის, ისტორიის, დაწყებითი განათლებისა და სამოქალაქო განათლების ტრენერები. ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილემ - ლალი ლომთათიძემ მონაწილეებს შეხვედრის მიზანი გააცნო: „ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვანი აქტივობა შევთავაზოთ ჩვენს პედაგოგებს. ამიტომაც ვგეგმავთ ახალ აქტივობას - სამუშაო შეხვედრები მუზეუმებში: "სამუზეუმო ექსპონატების გამოყენება მოსწავლეთა კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის". მთავარი მიზანი არის მუზეუმში თავმოყრილი ქართული კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი საგანძური, მემორიალური ნივთები გახდეს ეფექტური სასწავლო რესურსი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის. მათი გამოყენება ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს მასწავლებლებს, საინტერესო გახადონ სწავლება და ხელი შეუწყონ მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო უნარების, შემოქმედებითობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. მუზეუმის დირექტორმა - ოთარ გოგოლიშვილმა ისაუბრა მის ისტორიაზე და მიმდინარე საქმიანობაზე. სსიპ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი 1908 წელს დაარსდა. აქ დაცულია ძვ. წ. XII – IX სს-ის, აგრეთვე VII - IV სს. უნიკალური არქეოლოგიური მასალები: ანტიკური პერიოდის ბერძნული შავლაკიანი კრატერი, გრავირებული ცულები, ე. წ. გონიოს განძის მასალები (ძვ. წ. V ს.). მათ შორის, სხვადასხვა სახის, ფორმისა და ზომის ძველი ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშები: სხვადასხვა მასალისგან საკულტო დანიშნულების სკულპტურები (ბრინჯაო), აგრეთვე: ბუნების იშვიათი ძეგლები, XIX-XX სს-ის მიჯნის ეთნოგრაფიული, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები. აქ ჩატარდა გამოფენები: საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წელი, ტბელ აბუსერიძე-800, ექვთიმე თაყაიშვილი-140. მუზეუმი ასევე ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს: ”ენა ქართული”, ”ქართული სამხედრო ხელოვნება”. მუზეუმის წარმომადგენლებმა: რუსუდან კობრავამ და შორენა მახარაძემ სტუმრებს გააცნეს კონკრეტული საგანმათლებლო პროგრამები, თუ როგორ შეიძლება მუზეუმში არსებულ რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის. მუზეუმის კოლექციები მრავალ დარგსა და სფეროს მოიცავს - ისტორია, სამართალი, გეოგრაფია, მოგზაურობა, ფილოსოფია, სამხედრო საქმე და სხვ. ზემოთ ჩამოთვლილი რესურსის სწორად გამოყენებისა და გაცნობისათვის მზადდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს მასწავლებლის საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლებას და მასწავლებლის, მოსწავლეებისა და საზოგადოების სასარგებლოდ სწავლებისა და სწავლის ხარისხის ამაღლებას. აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ადმინისტრაციამ გამოთქვა სრული მხარდაჭერა, ხელი შეუწყოს ამ საინტერესო აქტივობის განხორციელებას.