საგნობრივი ტრენინგი ქიმიის მასწავლებლებისათვის
✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) მიმდინარეობს საგნობრივი საგამოცდო ტრენინგები აჭარის სკოლების მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში.
✅ 2026 წლის 1-5 ივლისს, მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში (გარდა ქიმიისა), Microsoft Teams-ს პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი: „საგნობრივი ტრენინგი ქიმიაში“.
✅ ტრენინგ-მოდულს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ნუკრი კობახიძე. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 15 საკონტაქტო საათი, 5 სესია, ერთი სესია - 3 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულის მიზანი იყო: გაუღრმავოს მონაწილეებს საგნობრივი ცოდნა ქიმიის ძირითადი თემების მიმართულებით და მხარი დაუჭიროს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებაში.
✅ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მსმენელები გაეცნობიან გამოცდების ცენტრის მიერ ბოლო წლებში გამოყენებულ ქიმიის პედაგოგების საგამოცდო ტესტებს, მათ შინაარსსა და სტრუქტურას, შეფასების სქემებს. ბუნდოვანი საკითხების სიღრმისეულად გასააზრებლად გამოყენებული იქნება სწავლების ინდუქციური მიდგომა - კონკრეტული პრობლემური და ბუნდოვანი საკითხების უკეთ გაგების მიზნით შესაბამისი თეორიული მასალის განხილვა და დამუშავება.
✅ ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.






