პრეზენტაცია ფიზიკის პედაგოგებისათვის: „ცერნი - ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია“

2018 წლის 2 მარტს ქედის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის საკონფერენციო დარბაზში 13:00 საათზე ჩატარდა პრეზენტაცია ქედის ფიზიკის პედაგოგებისათვის: „ცერნი - ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია“. პრეზენტაცია წარმოადგინეს ბათუმის მასწავლებლის სახლის მიერ 2017 წელს ორგანიზებულ კონკურსში გამარჯვებულმა პედაგოგებმა: ვენერა აბუსერიძე, მარინა ჩაგანავა და მერაბ გობაძე. 
2017 წლის ნოემბერში ისინი ერთკვირიან სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire). 
პრეზენტაციაში განხილული იყო  შემდეგი საკითხები: ზოგადი ინფორმაცია ცერნის შესახებ; მცირედი ისტორია; ცერნის ამაჩქარებლები; დიდი ადრონული კოლაიდერი; ცერნის ლაბორატორიების მეცნიერული მიღწევები; კვლევების ოპონენტთა მოსაზრებები და არგუმენტები;  ადრონული თერაპია.
ცერნი - ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია, მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიაა ელემენტალური ნაწილაკების ფიზიკაში. ცენტრი განლაგებულია ქალაქ ჟენევის დასავლეთით, ნაწილობრივ შვეიცარიის და ნაწილობრივ საფრანგეთის ტერიტორიაზე. ორგანიზაცია ასევე ცნობილია, როგორც ინტერნეტის დაბადების ადგილი. ის დაფუძნდა 1954 წლის 29 სექტემბერს წევრ ქვეყანათა ხელმოწერით. ცერნ-ს თავდაპირველად 12 წევრი ჰყავდა, რაც დღეისთვის 20-მდე გაიზარდა. 
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად აცხადებს საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლების კონკურსს ცერნში ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად. კონკურსის შედეგად შეირჩევა ფიზიკის 15 პედაგოგი საჯარო სკოლებიდან. მათ შორის სამი პედაგოგს შეარჩევს და   აფინანსებს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი).   
კონკურსში მონაწილე უნდა იყოს მოქმედი პედაგოგი. ასევე ის უნდა იყოს სერტიფიცირებული უფროსი მასწავლებელი ან ჩაბარებული ჰქონდეს ფიზიკის საგნობრივი გამოცდა. კანდიდატების შერჩევა ხდება ორ ეტაპად: 1. დოკუმენტაციის გადარჩევა; 2. გასაუბრება: პრეზენტაცია და მისი განხილვა.
პრეზენტაციაში წარმოდგენილმა საკითხებმა მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია და დისკუსიაში გადაიზარდა.
იმავე დღეს, 16:00 საათზე პრეზენტაცია მოეწყო ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დარბაზში ხელვაჩაურის ფიზიკის პედაგოგებისათვის:.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორი - ტარიელ ებრალიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, ქედის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი - დურმიშხან შავიშვილი, მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა, ქედისა და ხელვაჩაურის საჯარო სკოლების ფიზიკის პედაგოგები და რესურს ცენტრების თანამშრომლები.