გრძელდება ტრენინგები ქართული ენის უფროსი მასწავლებლებისათვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

✅ 2021 წლის 10-19 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მოქმედი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

✅ ტრენინგ-მოდულს: „ქართული ლიტერატურის სწავლების აქტუალური საკითხები (ქართული ლიტერატურა  მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში; კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიები ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში)“, ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ანა ლორია და ელისო ვადაქარია.

აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია: ლიტერატურული პროცესების ანალიზი, ქართული ლიტერატურის სხვადასხვა ეპოქის ნიმუშების გააზრება მსოფლიო ლიტერატურული პროცესების ჭრილში; კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიების ეფექტიანობის ანალიზი და პრაქტიკასთან მათი დაკავშირება.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: ბიბლიური ალუზიების  ახსნას დავით გურამიშვილის „დავითიანში“, მის ანალიზს შუასაკუნეობრივი ესთეტიკის ჭრილში; მოსწავლეებისათვის ამ საკითხების მიწოდების გზებზე მსჯელობას; რომანტიზმის ნიშნების იდენტიფიცირებას ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში; მსოფლიო რომანტიზმის წარმომადგენლების ნაწარმოებებთან  ლიტერატურულ პარალელებზე მსჯელობას; ამ საკითხების მოსწავლეებისათვის მიწოდების გზებზე მსჯელობას; მეოცე საუკუნის დასაწყისის ლიტერატურული პროცესების დახასიათებას; ცისფერყანწელთა შემოქმედების, გალაკტიონის პოეზიისა ნიმუშებისა და ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოების - „შელოცვა რადიოთი“ - ანალიზს მსოფლიო ლიტერატურული ტენდენციების ჭრილში; ამ საკითხების მოსწავლეებისათვის მიწოდების გზებზე მსჯელობას; ტრენინგზე დამუშავებულ საკითხებზე კომპლექსური დავალებების იდეების გენერირებას; კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული მეთოდების ეფექტიანობის ანალიზს.

✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 80%-ს.

• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

✅ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.

✅ აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად განხორციელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის უფროსი მასწავლებლისათვის.