აჭარაში პოლონელი პედაგოგების ვიზიტი დაიწყო

➡️ 2025 წლის 23 აპრილს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლი)  მასწავლებელთა  უცხოეთში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, დაიწყო  პოლონელ პედაგოგთა გაცვლითი საპასუხო ვიზიტი.  პოლონეთიდან აჭარას ეწვია ქვემო სილეზიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების (ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება) პედაგოგთა 12-კაციანი ჯგუფი.

➡️ პოლონელ სტუმრებს მიესალმნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე და დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით - ლალი ლომთათიძე. მათ აღნიშნეს, რომ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამეგობრებულია პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოსთან. რეგიონებს შორის ბევრი საინტერესო კულტურული და შემეცნებითი პროგრამა ხორციელდება. მათ შორის ერთ-ერთია მასწავლებელთა უცხოეთში სტაჟირების გაცვლითი პროგრამა.

➡️ 2019 წელს უკვე განხორციელდა აჭარის პედაგოგთა ვიზიტი ქ, ვროცლავში, რომელსაც მასპინძლობდა  ქვემო სილეზიის მარშალის ოფისი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. სტუმრებს ასევე მიესალმნენ წინა ვიზიტის ორი მონაწილე, მასწავლებელთა სახლის ტრენერები - ლუიზა რევიშვილი და ინგა მოსიძე.

➡️ ბათუმის მასწავლებლის სახლის  ტრენერები  ჩაატარებენ საინტერესო საგნობრივ ვორქშოფებს და გაცნობენ მათ საკუთარ მიღწევებს ამ საგნების სწავლა-სწავლების პროცესში. სასწავლო ვიზიტის განმავლობაში სულ ჩატარდება 5 ვორქშოფი.

➡️ სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია: ვიზიტი ბათუმისა და ქედის სკოლებში და აჭარის მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონახულება.