ცერნელებთან შეხვედრა აჭარის განათლების სამინისტროში

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი აჭარის ფიზიკის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებს შეხვდა, რომელთაც ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) 2022  - 2025 წ.წ. გაიარეს სტაჟირება.

ფიზიკის მასწავლებელთა სტაჟირების კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები შვეიცარიაში, ჟენევაში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდნენ.

მასწავლებლებმა ერთი კვირის განმავლობაში, დაათვალიერეს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, ადგილზე ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინეს  CERN-ში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე, სამეცნიერო მიღწევებსა და ამ კვლევების დანიშნულებაზე. სტაჟირების დასასრულს, მასწავლებელთა პროგრამის ხელმძღვანელმა - ჯეფ ვეინერმა  ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭერის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის სკოლამდელი და ზოგადი განათლების განყოფილების უფროსი -  შუშანა სურმანიძე.

აჭარის ფიზიკის მასწავლებელთა უცხოეთში სტაჟირება სრულად ფინანსდება აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან და მას ახორციელებს აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად.