პოლონელი პედაგოგები ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში

☑️ 2025 წლის 27 აპრილს, პოლონეთის,  ქვემო სილეზიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების - ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების 12 პედაგოგი ეწვია ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმს.

️ ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი 2007 წლის 17 მაისს გაიხსნა. იგი სწორედ იმ შენობაში განთავსდა, სადაც XIX საუკუნის 80–იანი წლებიდან დაახლოებით 1917 წლამდე მდებარეობდა „ძმები ნობელების ნავთობსამრეწველო ამხანაგობის“ სამუშაო ოფისი, იგივე „ბათუმის კანტორა“.

️ მუზეუმი ასახავს იმ ტექნიკურ მიღწევებს, რომლებიც ინერგებოდა ქ. ბათუმში XIX ს. ბოლოსა და XX ს. პირველ ნახევარში, ესაა პერიოდი, როცა ბათუმი თანმიმდევრულად ყალიბდება საერთაშორისო დონის სავაჭრო, საპორტო ქალაქად. იზრდება დემოგრაფიულად, იცვლება მისი კულტურული ცხოვრება და არქიტექტურული იერი. ბათუმით ინტერესდებიან სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიები, ჩნდება სხვადასხვა სახელმწიფოთა საელჩოები.

️ პოლონელი სტუმრები ასევე დიდი ინტერესით გაეცვნენ  ბათუმის ოლქში საუფლისწულო მამულების განვითარების არაერთ საინტერესო ისტორიას, მათ შორის ჩინელი ლაო ჯინ ჯაოს ღვაწლს ბათუმის შემოგარენში; ჩაის პლანტაციებისა და მისი დამუშავების ტექნოლოგიებს  XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან XX საუკუნის 20-იან წლებამდე; განსაკუთრებით აღსანიშნავია თამბაქოს წარმოებასთან დაკავშირებული ისტორია, აგრეთვე მასალები ფოტოგრაფიის პირველი დიდოსტატის პროკუდინ - გორსკის შესახებ.